საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია.
უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში.
უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა”,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი