15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
ამ წუთებში პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს - რაზე მსჯელობენ დეპუტატები

ამ წუთებში, პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულებაა.

ჯგუფის წევრები მსჯელობენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა. შეხვედრას ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი. ინტერპელაციის წესი, მინისტრის საათი და სადეპუტატო უფლებამოსილების გაზრდა - ეს ის საკითხებია, რასაც პარტიების ნაწილი სხდომაზე აყენებს. 

"ჩემი პრეტენზია, პირველ რიგში, ისაა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მოდიოდეს და დეპუტატებს ინფორმაციას აწვდიდეს. "მინისტრის საათი" ძალიან არაეფექტიანი ფორმატია, რადგან მინისტრებს იმის საშუალება აქვთ, რომ კითხვებს გაექცნენ, არ უპასუხონ და კითხვები გამოტოვონ. ეს ფორმატი ინტერაქციული უნდა იყოს და დეპუტატს მინისტრისთვის კითხვების დასმა, მაშინვე პასუხის მიღება უნდა შეეძლოს,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ დღის წესრიგით ყველა საკითხს გაივლიან და "არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არ შეიძლება არ მოხდეს პოზიციების დაახლოება:

"არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არ შეიძლება მოხდეს პოზიციების დაახლოება. არის რაღაც საკითხი, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს არარელევანტურად, მაგრამ ყველანი სამუშაო ვითარებაში ვიმყოფებით და არ მგონია, რომ აქედან რომელიმე ისეთი საკითხი იყოს, რომელიც აზრთა რადიკალურ წინააღმდეგობას იწვევდეს ჯგუფის წევრებს შორის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები