21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო პივიტის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება - ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ISFED-თან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის არჩევნები გაიხსენა და "სამართლიანი არჩევნები" ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ამ ფაქტს უმნიშვნელო არ შეიძლება ეწოდოს.

"ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით, პივიტის გაყალბებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო პივიტის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება. აღიარებას რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, რომ თვენახევარი დასჭრიდა პივიტის გაყალბების აღიარებას, ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED-ს, მანამდე არ აღიარებდა ის იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი პივიტის სახით. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით - საუბარი იყო ზღვრის გადალახვაზე, იმ ზღვრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები პივიტის ცდომილების კუთხით და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება უწოდო სანდო.

ეს, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ასეთი განცხადებები არის დასანანი. როცა ხდება პივიტის გაყალბება, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ბუნებრივია, ასეთ დროს, ასეთი განცხადებების კეთება არის ყოვლად დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც გააკეთა ქალბატონმა ელჩმა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები, მე შეგახსენებთ როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეეხება სიტყვა სამართლიანს, ეს ტერმინოლოგია არის ამოღებული ზოგადად, როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან, მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები