15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით" - გარეოში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა - ამასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ორგანიზაციის შეშფოთების საგანს კვლავ ზაპოროჟიეს ატომურ ელქტროსადგურზე არსებული ვითარება წარმოადგენს. 

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა რომ ვითარების ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება, მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს.

გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში, ჯეიმს კარიუკი აცხადებს, რომ მსოფლიომ ნახა რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მაგალითები.

"ექვსი თვის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საბჭო გვიან ღამით შეიკრიბა, რათა აეცილებინა კატასტროფა, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდების დარღვევით. მომდევნო თვეებში, უკრაინაში საშინელებები ხდებოდა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, 17 მილიონზე მეტს ახლა ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. თავს დაესხნენ სკოლებს, საავადმყოფოებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ჩვენ ვნახეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მაგალითი, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, მათ შორის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითნებური დაკავების შესახებ," - განაცხადა კრიუკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, ლინდა ტომას გრინფილდი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით

"ექვსი თვე სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო წინასწარგანზრახული, გაუმართლებელი და სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის უკრაინის წინააღმდეგ. 6 თვეა მას შემდეგ, რაც ჩვენ აქ საბჭოს დარბაზში ვისხედით, ვუყურებდით რუსეთს, რომელიც ცდილობდა გაუმართლებელის დაცვას. მოდით ნათლად ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით," - ამბობს გრინფილდი.

გაეროში რუსეთის ელჩის ვასილი ნებენზიას თქმით, მინსკის შეთანხმებები რომ განხორციელებულიყო, "სპეცოპერაცია" საჭირო არ იქნებოდა.

"ომი, რომელმაც რვა წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლებოდა დასრულებულიყო, თუ კიევი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებდა, თუმცა ეს არც უკრაინის ხელისუფლებას სჭირდებოდა და არც მათ უცხოელ პატრონებს. მათ ეს კიდევ ერთხელ ღიად განაცხადეს მიმდინარე წლის დასაწყისში და იმუქრებოდნენ, რომ არაბირთვულ სტატუსზე უარს იტყოდნენ. ასეთ კონტექსტში დონბასში მშვიდობის დასამყარებლად და რუსეთისთვის უკრაინიდან მომდინარე აშკარა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა იმისა, რომ დაგვეწყო სპეცოპერაცია უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის, რომლის მიზნები წარმატებით და სტაბილურად სრულდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  მინსკის შეთანხმებები რომ განხორციელებულიყო, სპეცოპერაცია არ იქნებოდა საჭირო," - თქვა ნებენზიამ.

 

დღის ამბები