15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაკეთდა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა არასამთავრობო სექტორის გარეშე მიმდინარეობს.  მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ ჯგუფიდან ISFED​ გაძევება გახდა.

ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით მსჯელობაში ჩართულია ოპოზიციის ნაწილი. დღეს, შეხვედრას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან ამერიკის და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე:

"საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გაამარტივოს პროცედურები. საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს შეუძლია, რომ 2024 წლისთვის თუ შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, დაახლოებით 1 200 საარჩევნო უბანზე უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილ ინიციატივათა უმეტეს ნაწილს არ ეთანხმება პარტია "გირჩი". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია შემცირდეს შეზღუდვები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დაწესებული, მათ შორის დაფინანსებისა და სიების წარდგენის ნაწილში, წარდგენილი ინიციატივები კი პირიქით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

დღის ამბები