22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
მე-7 დღე ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენიდან - ბოლო მონაცემებით, ქრობის სამუშაოები ცეცხლის კერების მხოლოდ 10%-ზე მიმდინარეობს, დანარჩენ ნაწილზე კი ლიკვიდირებულია

მე-7 დღე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრიდან, რომლის შედეგადაც 150 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა - კერების უმეტესობა ჩამქრალია, თუმცა საფრთხე გადავლილი არ არის.

ცოცხალი ძალა სპეციალური აღჭურვილობით ახლა ყველა იმ მონაკვეთზეა მობილიზებული, სადაც ცეცხლის გავრცელების მცირე რისკები ისევ რჩება. ტყის კონკრეტულ ფართობებზე ლიკვიდაცია უკვე გამოცხადდა, თუმცა არის ადგილები, სადაც კვლავ ღია კერებია.

ცეცხლის გავრცელების საფრთხე ძირითადად რთულად მისასვლელ ადგილებშია, იქ, სადაც მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა დროულად ვერ მიდის. წყლით სავსე ავზებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს ქრობის პროცესში თურქული ავიაციაც ეხმარება.

ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90 პროცენტი, დანარჩენ ტერიტორიაზე ქრობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სამივე სექტორზე მონიტორინგი გრძელდება, ადგილები დრონებით კონტროლდება. მოქმედებს საგანგებო შტაბი, სადაც შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები სამოქმედო გეგმებზე მუშაობენ.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად ამ დრომდე ცეცხლის სრულად ჩაქრობას ცდილობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ჯარისკაცები 24 საათიან რეჟიმში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.

შედეგებზე საუბრობენ ადგილობრივებიც. დვირი, ქვაბისხევი, აწყური და თისელი - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც 7 დღის განმავლობაში საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არსებობდა.

ცეცხლის ქრობის რამდენიმე დღიანი პროცესის შემდეგ, ბორჯომში შესაძლოა ხვალ უკვე ხანძრების სრული ლიკვიდაცია გამოცხადდეს. ცოცხალ ძალასთან ერთად ხეობაში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილი სპეციალიზებული თვითმფრინავი და მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები