21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რადიაციის გაჟონვის საფრთხე და მოქალაქეების რიგი საავადმყოფოებში - უკრაინაში რადიაციის სიგნალები დაამონტაჟეს

უკრაინაში ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ განგაშის სიგნალების ხმა ქვეყანაში არ გაისმას. სპეციალისტები მოსახლეობას თითოეული სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქმედებას ასწავლიან. ვითარება განსაკუთრებით რთულია ზაპოროჟიეს ოლქში.

ოლქის ყველა ქალაქში უკრაინულმა მხარემ უკვე მოაწყო სპეციალური საევაკუაციო კარვები. ინსტრუქტორები ადგილობრივებს ამზადებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის ან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში.

უკრაინის მოქალაქეები ცდილობენ მიიღონ იოდის ანტირადიაციული წამალი, რომ გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის შემთხვევისთვის გამოიყენონ. ექიმები მოქალაქეებს  იოდიდის აბების გამოყენების წესებს დეტალურად უხსნიან. თუმცა, ვითარებას ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე ოკუპანტების თავდასხმები ამწვავებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ენერგოდარის საცხოვრებელი კორპუსები ისევ დაბომბეს. 10 დაშავებულიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. უკრაინული მხარის ინფორმაციას უარყოფს რუსეთი.

კრემლისგან განსხვავებულ ინფორმაციას კი, "ენერგოატომი" ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ატომური ელექტროსადგური მუშაობას რადიაციული და სახანძრო წესების დარღვევით განაგრძობს და არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი. "ენერგოატომი" რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზეც იტყობინება. სპეციალურ რუკაზე ჩანს, რომ ქარის მიმართულება, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გაჟონვის შემთხვევაში რადიაციას რუსეთის ტერიტორიისკენაც წაიღებს.

რამდენად საგანგაშოა სიტუაცია, ამას 14 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი გაარკვევს, თუ ისინი რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეუშვა. ჯგუფი უკვე გზაშია და ზაპოროჟიეში კვირის ბოლოს ჩავა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიკავეს. გაერომ უკრაინასა და რუსეთს  სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ორგანიზაციას მოსკოვმა უარი უთხრა.

დღის ამბები