ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთად მოქმედებენ, ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით.
"როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ამბავს, მათში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ დაესწრონ შეხვედრას. ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ. როგორც ვიცი, მათ ახსენეს ქუჩის პროტესტი. როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ირონიაა იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშანწყალი მათ ქმედებებში არ არის. მათ არ უნდათ ამ რეკომენდაციების შესრულება. ისინი არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე, შეხვედრაზე მონაწილეობის დადასტურება დილით და შემდეგ არმოსვლა იმისი ლუსტრაციაა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე პირდაპირ ამბობენ უარს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს უნდა მოისმინონ ოპოზიციური სპექტრის აზრი სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ კი გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
"ხვალამდე ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, არც ერთ წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რას დავაპირებთ, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულებიც არ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით. ყველა შემთხვევაში, ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია, გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ვუზრუნველყოფთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი და არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი და შარის მოდების საშუალება, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ისევე, როგორც მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ღია, ნათელი, ცნობილი იქნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, ამ პუნქტზეც, მაქსიმალური ინკლუზიური პროცესი და შედეგი დავდოთ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვისმენთ პირველ რიგში ოპოზიციური სპექტრის აზრს, მიუხედავად ყველაფრისა, რომ მათი დიდი ნაწილი საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს, და ჩვენ ვისმენთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრს, ამის შემდეგ ვაპირებთ ინკლუზიური პროცესის დეტალების გადაწყვეტას და გასაჯაროებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან კომპრომისისთვის, კონსენსუსისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პუნქტის შესრულებას დაემუქრება უდიდესი საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვისმენთ დღესაც და ხვალაც მათ აზრს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ პირველ სექტემბრამდე დავდებთ შესაბამის გეგმას, როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა და ამას არ გავაკეთებთ ისე, რომ არ მოვისმინოთ ოპონენტების აზრი. კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი იქნება შემდეგი ეტაპი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ, მოვიფიქროთ გეგმა და წესი, რომლის მიხედვითაც, ინკლუზიურობის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარზე, თუმცა მანამდე ჩვენ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ რაღაც წესზე, რომელიც იქნება გარანტია ამ პუნქტის შესრულებისა. დღევანდელი დადასტურება „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განშტოების მხრიდან ჯერ ამ შეხვედრაზე დასწრების და შემდეგ რადიკალიზაციის გეგმის დაანონსება ნიშნავს, რომ როგორც მთლიანად პროცესს, ისინი ამ პუნქტის შესრულებასაც უცხადებენ საბოტაჟს. ჩვენ ჯერ უნდა მოვუსმინოთ, ვერავინ უნდა შეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ არ მოვისმინეთ და ამისგან დამოუკიდებლად მიიღეს რაღაც გადაწყვეტილებები. როცა ვსაუბრობთ, რომ ინკლუზიურობის მაღალ ხარისხს დავდებთ, ჯერ მოვისმენთ და თუ რამე გასათვალისწინებელი და ოდნავ მაინც რაციონალური იქნება, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ, ოღონდ რაციონალური და არა ქუჩიდან რომ გველაპარაკებიან და გვიანონსებენ რადიკალიზმს იმის მაგივრად, რომ პუნქტების შესრულებაზე ილაპარაკონ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ მოქმედებენ.
"აპარატები ერთმანეთს ეხმიანებიან და მათ დაუდასტურეს, რომ ხატია დეკანოიძე დაესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა შემდეგ საჯარო ინფორმაციის საშუალებებით გავიგეთ,რომ გადათქვეს და ძალიან უცნაური იყო, როდესაც არდასწრების შესახებ ერთი და იგივე აზრი მოუვიდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. ანუ, ვაშაძის პოლიტიკურ სუბიექტს და „ნაცმოძრაობას“ ამ შემთხვევაში. სხვები, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ესწრებიან, „ლელო “დაესწრება თუ არა, მათი დასტურიც გვაქვს, მე ამ შემთხვევაში ჯერ არ ვიცი. არ დაესწრება? უსუფაშვილმაც თუ თქვა, რომ არ დაესწრება, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ეს კლასტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ," - განაცხადა მდინარაძემ.