უკვე მეორე დღეა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრებს მართავენ.
ევროპა განაგრძობს უკრაინის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, თუმცა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის შეზღუდვაზე ვერ თანხმდება. ამ თემის გარდა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები რუსეთის შეკავების პოლიტიკაზეც იმსჯელებენ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა, რადგან ამ ომის ზეგავლენა მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. განხილვის საკითხად რჩება ვიზების თემა. ამ საკითხზე ჩვენს წევრ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ არ არის ერთიანობა. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ უნდა გავიხლიჩოთ და ერთიანი უნდა ვიყოთ. საქმე ეხება ხალხებს შორის ურთიერთობას. რუსებსა და ევროპელებს შორის. ამ ომს გავლენა აქვს აფრიკაზე და სამხედრო კონფლიქტის შედეგად ვდგავართ ენერგო კრიზისის პრობლემასთანაც. შეხედეთ გაზის ფასს, რა ხდება. სურსათისა და ენერგო კრიზისი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, თუ როგორ მოვიქცევით მასთან უკრაინის ომის შემდეგ. იმის გათვალისწინებით რაც ხდება, პუტინის რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობა გვექნება. რუსეთი აგრძელებს ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხოებით თამაშს. ჩვენ ვითხოვთ ამ ადგილის დაუყონებლივ დემილიტარიზაციას. ეს ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგურია და ჩვენ ომით ვერ ვითამაშებთ," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და სასტიკი ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს.
"ჩვენთვის კანონის მოყვარული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორედ კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთება. ვიზის საკითხზე ზოგიერთ ქვეყანას რეგულაციების გამკაცრება სურს, ეს მათ უსაფრთხოების ინტერესებში შედის. მე ვფიქრობ რომ ასეთ საკითხზე უმჯობესია გადაწყვეტილება არა ინდივიდუალურად, არამედ ერთად მივიღოთ, ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურ შედეგებს მივიღებთ," - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ.
"დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა გვექნება იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მისი უკანონო და სასტიკი ომი უკრაინაში დასრულდეს, მათ შორის სანქციებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ჰუმანიტარული დახმარებითა და უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერით. ასევე მნიშვნელოვანია რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვის საკითხი. დანიის პოზიცია ამ მხრივ ძალიან მკაფიოა - რუსეთი თავს ესხმის სუვერენულ ქვეყანას, უკრაინას და აწარმოებს ისეთი სისასტიკის ომს, როგორიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ცხადია, ამას უნდა ჰქონდეს შედეგები რუსეთისთვის ყველა მიმართულებით, მათ შორის უნდა შეიზღუდოს ვიზების გაცემა რუს ტურისტებზე. ეს რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალი იქნება," - განაცხადა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ.