15 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
როგორ უნდა შეირჩეს სახალხო დამცველი - მმართველი გუნდის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც

როგორ უნდა შეირჩეს სახალხო დამცველი - მმართველი გუნდის წევრები ამ თემაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც.

მოლაპარაკების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები ემთხვევა, თუმცა ახლა გადამწყვეტია მთელი პროცესის განმავლობაში პარტიებმა კონსტრუქციულობა შეინარჩუნონ.

"ვფიქრობთ, გვაქვს გარკვეულწილად ერთი ხედვა. კერძოდ, ჩვენც და "ქართულ ოცნებასაც" ხედვაში გვიწერია, რომ უნდა იყოს აუცილებლად საპარლამენტო დებატებისას, კანდიდატი შერჩეული უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ შეთანხმებით. ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ წინა სახალხო დამცველების შერჩევის პროცესი და ეს ძალიან კარგი პრაქტიკა იყო და ეს კარგი პრაქტიკა იყო "ქართული ოცნების" მმართველობის წლებში და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუკი სწორედ ასეთი ინკლუზიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდება ეს პროცესიც," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატები გარე აქტორების მხრიდან დასახელდნენ და არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივაც. საუბარია პარტია "მოქალაქეების" ხედვაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად კენჭისყრა არ უნდა იყოს ფარული და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ.

თუ რა ხედვა აქვს ომბუდსმენის შერჩევის წესზე მმართველ გუნდს, დღეს გახდება ცნობილი. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მომდევნო საათების განმავლობაში კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას, ასევე იმას, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც იყოს მაქსიმალური ხარისხით და ოპონენტების აზრებიც იყოს გათვალისწინებული.

"აცდენა პრაქტიკულად არ გვაქვს, უამრავი საკითხი იქნა დაყენებული. ამ ყველაფერს სისტემატიზაციას გავუკეთებთ და მაქსიმუმ 3-4 საათის განმავლობაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც იყოს მაქსიმალური ხარისხით, რაც კი შესაძლებელია და ასევე ჩვენი ოპონენტების გუშინდელი აზრებიც იყოს გათვალისწინებული. როგორი საკითხები დაისვა იცით? კენჭისყრის ფარულობა თუ ღიაობა და მსგავს საკითხებზეც კი შეგვიძლია უკვე გადაწყვეტილება გითხრათ. პრინციპში, იქვე იყო თანხმობა, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის წევრებთანაც უნდა შევაჯეროთ. არ გამოვრიცხავთ მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებსაც," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, თუნდაც სწორი ფორმულა იყოს შეთავაზებული, საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა. ამ პროცესში ვართ, ამ განხილვებში ვართ და რასაკვირველია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამაში არ იღებს მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ ისინი სამომავლოდაც, რაც არ უნდა სწორი ფორმულა შესთავაზონ, არ აპირებენ საერთოდ ნებისმიერ საკითხის კონსტრუქციულ განხილვაში ჩართვას. აუცილებლად, უნდა იყოს ოპტიმალური ვარიანტის საფუძველზე გარკვეული დოკუმენტი მიღებული და დიდი ალბათობით, ეს იქნება რეგლამენტში ცვლილების შესახებ კანონპროექტი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, ეს საკითხი ევროკომისიის მეთორმეტე რეკომენდაციაა. ნინო ლომჯარიას კი ვადა წლის ბოლომდე ეწურება.

დღის ამბები