17 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
სანამ აქციები დაანონსდება და ჩატარდება, მანამდე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დატოვოს საპარლამენტო მანდატები - შალვა ნათელაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ არჩევნებს ითხოვს - ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის ყველა მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული. მელია სტრატეგიულ გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო ღონისძიებები. ასევე კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან და უცხოელ პარტნიორებთან.

ოპოზიციის ნაწილი იდეას იზიარებს, თუმცა ისინი ბრძოლის განსხვავებულ მეთოდებზე აკეთებენ აქცენტს. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახულ პოლიტიკურ გზას, რომლითაც უნდა იქნას მიღწეული ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა სხვა კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში. "ლეიბორისტული პარტია" სრულად იზიარებს ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას და მეტიც, პარტიაში ფიქრობენ, რომ უნდა დატოვოს ოპოზიციამ პარლამენტი დროულად და მაქსიმალურად მოხდეს პროცესების გადატანა ქუჩაში.

"სანამ აქციები დაანონსდება და ჩატარდება, მანამდე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დატოვოს საპარლამენტო მანდატები. მთელი ზაფხული იკოტრიალეს კარიბის ზღვის და ოქროს პლაჟებზე პარტიული და საპარლამენტო დაფინანსებით ახლაც უნდა შემოდგომით შემოიჭირონ ქამრები და ხალხის ინტერესებით იცხოვრონ და შედეგი იქნება, აბა მარტო განცხადებები რომ ახალი არჩევნები გვჭირდება - ეგ ყველამ იცის. ახალი არჩევნები რომ გვინდა ევროპა გვეუბნება, მაგრამ როგორ ახალი არჩევნები - აი ამის გარეშე ძალიან ძნელი წარმოსადგენია," - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება სხვა პარტიების ლიდერებს, მათ ნაწილმა დღეს ნიკა მელია გააკრიტიკა. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე საუბარი დაგვიანებულია, თუმცა, მათივე თქმით, ნებისმიერ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას, მიესალმებიან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ.

"მე მიკვირს, აქამდე ეს ამოცანა არ ჰქონდათ ბატონ მელიას ან ნაციონალურ მოძრაობას? ეს განცხადება გამოიყურება არასერიოზულად, რომ ახლა აღმოაჩინეს. ნებისმიერი დღე ივანიშვილის რეჟიმის ყოფნის არის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ რაც მალე მოხერხდება ჩამოცილება მშვიდობიანად ძალაუფლებიდან, ეს სასურველი კი არა ამოცანა არის, ყველას ამოცანა უნდა იყოს. კომიკურია, რომ რაღაცა სიახლით გასაღება ხდება იმისი, რაც ისედაც თავისთავად ცხადია," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ლაპარაკის ნაცვლად, ოპოზიციამ საქმეს უნდა მიხედონ.

"მეტი საქმე უნდა ვაკეთოთ, ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ. შესაბამისად ჩვენ - "სტრატეგია აღმაშენებელი" უკვე ვდგამთ და უფრო ინტენსიურ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. გვაქვს სტრატეგიაც, გეგმაც, სხვა პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან თუ საზოგადოებრივ პირებთან ერთად. აქ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და დავიბრუნოთ სამშობლო. ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ მიზანს მიგვაღწევინებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ხაზს გავუსვამ და ვიტყვი, რომ მეტი კონკრეტული ქმედება, ნაკლები წინასწარი ლაპარაკი რა იქნება და როგორ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები