15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2022" დასრულდა - ვაზიანის მე-11 პოლიგონი მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებულ საჩვენებელ სწავლებას დაეთმო

ვაზიანის მე-11 პოლიგონი მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებულ საჩვენებელ სწავლებას დაეთმო. საბრძოლო სროლებით ბატალიონის თავდაცვით პოზიციებს შეუტიეს. მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით კი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან "ჯაველინი" 3-ჯერ გაისროლეს - სწორედ ამ სიმულაციური სცენარით დასრულდა "ღირსეული პარტნიორი 2022".

სწავლების დასრულების ღონისძიებას პირადად დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2022"-ის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა. ყურადღება სამხედროების პროფესიონალიზმზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მრავალეროვნული სწავლება კიდევ ერთი ნაბიჯია, საერთაშორისო თანამშრომლობის და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებისთვის.

სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას მთავრობის მეთაურთან ერთად სიტყვით, პრეზიდენტმა, აშშ-ის ელჩმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ მიმართეს. გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

"ღირსეული პარტნიორი 2022-ის" დახურვა წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ. საქართველოში შტატების ელჩის განცხადებით მრავალეროვნული სწავლება კიდე ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც შტატების და ნატოს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას.

"ღირსეული პარტნიორი 2022"-სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა,
უცხოელ და ქართველ სამხედროებს წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის უწყებრივი მედლები - "ღირსეული პარტნიორი", "გენერალი მაზნიაშვილი" და "გენერალი კვინიტაძე" გადასცა.

წელს საქართველომ "ღირსეულ პარტნიორს" მეექვსედ უმასპინძლა. სწავლება კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა და მასში 2400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. წელს პირველად, სწავლებაში იაპონია და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი ჩაერთო.

დღის ამბები