09 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
უინძორის სასახლეში დედოფლის დაკრძალვის დასკვნითი ცერემონია მიმდინარეობს - წმინდა ჯორჯის სამლოცველოში ღვთისმსახურება უკვე დასრულდა

უინძორის სასახლეში დედოფლის დაკრძალვის დასკვნითი ცერემონია მიმდინარეობს - წმინდა ჯორჯის სამლოცველოში ღვთისმსახურება უკვე დასრულდა. სამლოცველო დატოვეს სამეფო ოჯახის წევრებმაც, შესრულდა დიდი ბრიტანეთის ჰიმნიც.

დედოფალს გარდაცვლილი მეუღლის ედინბურგის ჰერცოგის გვერდით მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში კრძალავენ.

მანამდე ელისაბედ მეორე ვესტმინსტერის სააბატოდან ლონდონის ჰაიდ პარკთან, ველინგტონის თაღთან გადაასვენეს, იქამდე კი სახელმწიფო პანაშვიდი გაიმართა.

ლონდონშია მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის თითქმის ყველა ლიდერი. ბრიტანეთში იმყოფებიან ჯო ბაიდენი, ემანუელ მაკრონი, ასევე კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები.

ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ელისაბედ მეორე, 96 წლის ასაკში, ბალმორალის ციხესიმაგრეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

სპეცეთერი და პირდაპირი ტრანსლაცია დაკრძალვის მრავალსაათიანი ცერემონიიდან 2 საათის წინ შეწყდა. ახლა მთელი ბრიტანული მედია ელისაბედ მეორის 70 წლიანი მმართველობას იხსენებს.

დღევანდელი პროცესია დილით 96 საეკლესიო ზარით დაიწყო და დღის ბოლოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. ამით დასრულდა ელისაბედ მეორის მმართველობის 70 წლიანი ეპოქა და დაიწყო ჩარლზ მესამის მეფობის ათვლის წლები.

დღის ამბები