29 სექტემბერი 2024,   06:21
ვრცლად
25 კილომეტრიანი რიგი ზემო ლარსთან - რას პასუხობენ "კურიერის" კითხვებს პუტინის ომს გამოქცეული რუსები

ლარსის გამშვები პუნქტის მიღმა, უღელტეხილზე უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელი რიგებია. ოკუპანტი ფედერაციიდან რუსეთის მოქალაქეები მოდიან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, გადმოდიან ფეხით, მოდიან ველოსიპედებითაც.

საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები "კურიერს" უყვებიან ომზე, რომელიც მათ არ სურთ, რომ სამშობლოს დატოვება იძულებით და გაურკვეველი დროით მოუწიათ.

"ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო წამოსვლა გადავწყვიტეთ. აქ გაჩერებას არ ვაპირებთ. თურქეთში გვინდა გადასვლა ან სადმე," - აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე "კურიერთან."

"დარწმუნებული ვარ ეს საშინელება რაც ჩვენთან ხდება, მალე დასრულდება და ისევ დავბრუნდებით," -  აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე "კურიერთან."

"არანაირი გეგმა არ მაქვს. რატომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა? - მეგობრებმა მირჩიეს. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი სახლი, მაგრამ მეშინია იქ გაჩერება," - აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე "კურიერთან."

ომისთვის საკმარისი ხალხის შესაგროვებლად რუსული მხარე კომისარიატებს თითქმის ყველა წერტილში ხსნის. ამიერიდან უკრაინის ომში სამხედრო ასაკის მამაკაცებს პირადაპირ საქართველოს საზღვართან მდებარე პუნქტიდან წაიყვანენ. რუსულმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაციაც, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატი გაიხსნება. საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფი მოქალაქეებისთვის, ვინც გაწვევას ექვემდებარება, უწყებებს უკვე ურიგებენ.

ოფიციალურმა თბილისმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა, თუმცა რუსეთთან ამ ეტაპზე საზღვრის ჩაკეტვას არ განიხილავს. სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ზემო ლარსიდან შემომსვლელთა რიცხვი თითქმის რომ გაორმაგებულია - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ლარსში პოლიციის დამატებითი ძალებიც გადაიგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების დღეს, 21 სექტემბერს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 6402 რუსეთის მოქალაქემ და გადაკვეთა -6011-მა, 26 სექტემბერს კი გადმოკვეთა 10 804 და გადაკვეთა 4947 რუსეთის მოქალაქემ.

უწყება ასევე განმარტავს შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებს. განცხადებაში მოყვანილია კანონმდებლობიდან მუხლი , რომლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საზღვარს. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით მოქალაქეთა ინსპექტირება და მომატებული რაოდენობა იწვევს რიგებს.

რიგები არამხოლოდ საქართველოს საზღვართანაა, რუსეთიდან მამაკაცები გარბიან ყველა მიმართულებით. ყაზახეთში ბოლო ერთ კვირაში რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე შევიდა, თუმცა ასტანა დეზერტირების რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს და მათ თავშესაფრებსაც სთავაზობს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მეშვიდე თვეს, კრემლის მიერ გამოცხადებულ "ნაწილობრივ მობილიზაციას"რუსეთის ფედერაციიდან მამაკაცების მასობრივი გასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა მთელ რუსეთში და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.

წინააღმდეგობამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები მოიცვა. საპროტესტო გამოსვლები არ წყდება საქართველოს მოსაზღვრე დაღესტანში. პოლიცია დაკავებებისას უკიდურესად მკაცრია, მათ შორის ქალების წინააღმდეგ - იყენებს ხელკეტებსა და ელექტროშოკებს. უკრაინაში დაღუპულთა ყველაზე მაღალი წილი, რუსეთის სხვა პროვინციებთან შედარებით, სწორედ მუსლიმურ რეგიონზე მოდის.

რუსეთის ფედერაციიდან მამაკაცების მასობრივი გასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები