14-15 ოქტომბერს ბერლინი ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესი PES-ის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას ევროპის ქვეყნების მთავრობათა ლიდერები და პარტიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი, PES-ის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი და სხვა.
"ქართული ოცნების" დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესს დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
კონგრესის დევიზია "გაბედულობით ევროპისათვის", რომლის დროსაც PES-ის ლიდერები ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის 30 წლის გამოცდილებას შეაჯამებენ. მონაწილეები, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების, კოვიდ კრიზისის, კლიმატის ცვლილებების, სოციალური გამოწვევების, ენერგო რესურსებზე ფასებისა და ინფლაციის ზრდის საკითხებზე იმსჯელებენ.