15 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა გამართა

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტ-ფელდმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს კავშირები. ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მიღწევები.

ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

"გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების მიმართულებითაც ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა. აღინიშნა, რომ არსებული მწვავე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი ფორმატია რუსეთის ფედერაციასთან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან გზაზე იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება დღეს საქართველოში და იმ ძალისხმევაზე, რომელსაც სწევს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო შეუქცევადი პროცესი გახდეს.

ნორვეგიულ მხარეს გავაცანი ქვეყნის მიერ იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც უკვე გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი, 8 წლის წინ ვიყავი აქ. ჩვენ ოფიციალურად გავხსნით ნორვეგიის საელჩოს თქვენ ქვეყანაში. ჩემი ვიზიტი იმასაც ემსახურება, რომ უკეთესად გავეცნო სიტუაციას თქვენს ქვეყანასა და რეგიონში იმისთვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ვადასტურებ ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვრენეტიეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვგმობ რუსეთის ბორდერიზაციის პოლიტიკას," - აცხადებს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტ-ფელდი.

დღის ამბები