11 ივნისი 2026,   20:03
ვრცლად
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე, ზუგდიდის მერ დავით კოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაფანძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ, პროექტი დასრულების ეტაპზეა და ახალი გზა 1,6 კილომეტრზე ეწყობა. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჩხოუშიაზე, სადაც საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება. ხიდის სიგრძე 51 მეტრს შეადგენს და მისი ჯამური ღირებულება 1,3 მილიონ ლარზე მეტია. ადრე არსებული ხიდი ავარიული იყო და უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე კეთილმოწყობილი გზა აქამდე არ არსებობდა და მოქალაქეები გრუნტის გზით სარგებლობდნენ.

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი, მარტვილის მერ გიორგი ნაჭყებიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მეორე გურძემის გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. გზის სიგრძე 3065 მეტრია და მისი ღირებულება 1,3 მილიონ ლარამდეა. სოფელში აქამდე არსებული გზა ავარიული იყო და ასფალტირებული საფარი არასდროს ყოფილა.

დღის ამბები