ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კომპრომისისკენ მიდრეკილები, კონსენსუსზე ორიენტირებულები იმისთვის, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდეს, მაგრამ თუ ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმს, რომ მაინც და მაინც ავირჩიოთ ის ადამიანი, რომელიც თავშივე ჩანს, რომ არის პოლიტიკურად მიკერძოებული, დაბალი კვალიფიკაციის, ეს სხვა თემაა. დანარჩენ თემებზე ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ და იმედი მაქვს, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდებით ან ვარაუდი გამოვთქვათ, რომ იქნებ შევთანხმდეთ - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წილ პასუხისმგებლობას თავად ვერ აიღებენ, თუმცა ეცდებიან კომპრომისის მიღწევას, რათა ევრორეკომენდაცია შესრულდეს. მისივე თქმით, ერთადერთი შეუთანხმებლობა, რაც შეიძლება იყოს, ეს იქნება ფაქტორი, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი რომელიმე კანდიდატი აქამდე არა უფლებათა დაცვით, არამედ პოლიტიკურ აქტივობებშია დაფიქსირებული და წარმოადგენს მხარეს.
"იცით, რომ ჩვენ კანდიდატს არ წარვადგენთ. ეს პრივილეგია დავუტოვეთ ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა, მაგრამ სასპეკულაციო თემა არ გავხადეთ. ერთადერთი შეუთანხმებლობა, რაც ჩვენი მხრიდან შეიძლება იყოს ეს იქნება ფაქტორი, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი რომელიმე კანდიდატი დაფიქსირებულია აქამდე არა უფლებათა დაცვით, არამედ პოლიტიკურ აქტივობებში და ის წარმოადგენს მიკერძოებულს და მხარეს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ნებისმიერ კანდიდატზე ვიმსჯელებთ. ოპოზიციის პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეტი პასუხისმგებლობა რომ რამენაირად ვცადოთ კომპრომისის მიღწევა, რომ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, შესაბამისად შესრულდეს რეკომენდაციის დათქმა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.