11 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს - ოპოზიციის ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ აპირებს

გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის. პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ წესით მას ორჯერ ვერ აირჩევენ, პარლამენტი გენპროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ერთი წლის ვადით აირჩევს. ინიციატორი უმრავლესობაა.

ოპოზიციის ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ აპირებს. მათ შორის ხათუნა სამნიძე. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე აცხადებს, მმართველ გუნდს აქვს მიზანი,  ერთი წლის ვადით აირჩიოს გენერალური პროკურორი, რომელიც იქნება სრულად იქნება დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე" და ამაში პასუხისმგებლობა ააღებინოს ოპოზიციას.

"პირობა იყო რომ ის მეორე და მესამე მოსმენით მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებას ბარიერთან დაკავშირებით. ეს პირობა ქართულმა ოცნებამ დაარღვია და დღეს უკვე ცალკე შემოაქვს ცვლილება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომლითაც ჩანს, რომ ქართულ ოცნებას აქვს მიზანი, მიაღწიოს იმას, რომ ერთი წლის ვადით აირჩიოს გენ პროკურორი, რომელიც იქნება სრულად იქნება დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე" და ამაში პასუხისმგებლობა ააღებინოს ოპოზიციას. მე მხარს არ ვუჭერ ამ ცვლილებას, პროკურორის არჩევის წესი იყო კომპრომისის საკითხი," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს არ უჭერს მხარს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი. მისი თქმით, ერთი წლით არჩეული პროკურორი მხოლოდ იმას შეეცდება, რომ როგორმე ვადა გაიხანგრძლივოს.  

"ეს კანონი იძლევა საშუალებას, ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტის წინაშე და ანგარიშვალდებული არ იქნება საზოგადოების წინაშე. ის ერთ წელს მოანდომებს მხოლოდ ლოიალობის ძებნას მმართველ პარტიასთან, რომ შემდგომში კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს ვადა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ასეთი უკუსვლა განვიცადოთ პროკურორის არჩევის წესთან მიმართებაში და ვისაც ეს უნდა, კი ბატონო, მიაჭიროს ხელი ამ ღილაკს, მაგრამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ჯერზე, როდესაც მე მექნება საშუალება, ძალიან დიდ უხერხულობას შევუქმნი ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს," - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

 

დღის ამბები