19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
აფეთქება თბილისში - რა ემუქრება პირს, რომელმაც 4 ადამიანის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა 

ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარის აფეთქების ფაქტს ათობით პირი შეესწრო. "კურიერის" ინფორმაციით, ჩანაწერები პოლიციამ უკვე ამოიღო. 5 პირს შორის, ჩხუბი კლინიკასთან დაიწყო და ხელყუმბარის გახსნით გაგრძელდა. კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები დღესაც ტარდებოდა. სამედიცინო დაწესებულებამ კი, მომხდარის გამო, ფუნქციონირება შეაჩერა.

35 წლის ლევან მარტიაშვილი, რომელსაც ხელყუმბარის გახსნას ედავებიან, უკვე დააკავეს. ირკვევა, რომ ის კლინიკასთან რიგში იდგა, როდესაც მასსა და რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

აფეთქების შედეგად სამი პირი დაშავდა. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობის ფასადი და ფანჯრის მინები. თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბის დროს, დაკავებულმა ხელყუმბარა იმ ავტომობილის მისამართით გახსნა, რომელიც მასთან კონფლიქტში მყოფი პირებს ეკუთვნოდათ.
ავტომობილის მძღოლმა ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა სავარაუდოდ აფეთქების დროს ისიც დაშავდა და საჭის მართვა ვეღარ შეძლო. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებულები და დაზიანებული მანქანა თაბუკაშვილის ქუჩაზე, აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრში დახვდათ. სწორედ ამ ადგილიდან წაიყვანეს კლინიკებში დაშავებული პირები. ლევან მარტიაშვილი კი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. კონფლიქტის მიზეზზე კი, არც დაზარალებულები და არც დაკავებული ამ დრომდე არ საუბრობენ. ლევან მარტიაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ტარებას ედავებიან. ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ უარყოფს და ამბობს, რომ დაშავებულები მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას აპირებდნენ.

თვითმხილველების გამოკითხვა პოლიციის განყ6ოფილებაში მთელი ღამე გრძელდებოდა. ბრალდებული ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ, რის შემდეგაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 35 წლის ლევან მარტიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები