სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Flydubai თანამშრომლობით პრეს-ტური გამართა. ტურის მოწყობამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო Virgin Radio Dubai 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში უფასოდ მოგზაურობის შესახებ კამპანიას ატარებდა, პროექტის ფარგლებში რადიოს მსმენელებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროექტის 25 გამარჯვებული, ასევე ავიაკომპანიის Flydubai და რადიოს Virgin Radio Dubai 9 წარმომადგენელი საქართველოს ეწვია. ტურის ფარგლებში პროექტის მონაწილეები თბილისს ეწვივნენ, დაათვალიერეს ძველი ქალაქი, გაემგზავრნენ უფლისციხეში, მოინახულეს მუხრანი, სადაც ტურის მონაწილეებისათვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა.
ტურის ფარგლებში ავიაკომპანიის FlyDubai და რადიოს Virgin Radio Dubai სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები და პოსტები გავრცელდება, რასაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა.