18 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
რთული ზამთრის მოლოდინი და ომის 277-ე დღე უკრაინაში - რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკვე 277-ე დღეა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამკლავებას ცდილობენ. მტერი განაგრძობს ჯარების გადაჯგუფებას, რათა გააძლიეროს ქვედანაყოფები სხვადასხვა მიმართულებით. 

ფრონტის ხაზი კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაა, მათ შორისაა ლუჰანსკის ოლქი. ამჟამად ოლქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია. უკრაინელები აქტიურად აგრძელებენ ლუჰანსკის ოლქში კონტრშეტევას - დეოკუპირებულია რამდენიმე დასახლება. უკრაინელების მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებს რუსი ოკუპანტები ბომბავენ. მათ შორის იბომბება ნევსკისა და მაკიივკას რაიონები. უკრაინული მხარის ინფორმაციით, იქ ჯერ კიდევ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა მათ ევაკუაციას ითხოვს.

ბრძოლებია დონეცკის რეგიონშიც, სადაც უკრაინას შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვინაიდან პროცენტულად, შედარებით ნაკლები ტერიტორია აქვს რუსეთს ოკუპირებული, თუმცა ოკუპანტები მუდმივად ბომბავენ და უტევენ უკრაინულ დასახლებებს. 

ბოლო 24 საათში 54-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. დილიდან იბომბებოდა კრივი რიჰი, დაზიანებულია რკინიგზის ხაზი. ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი დნიპროც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რუსული რაკეტები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცა.

ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოება კვლავ აქტუალურია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ გეგმავს მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ენერგო ობიექტებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტრო მომარაგებას.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ტარდება ტრენინგები, შემუშავებულია ენერგეტიკის მუშაკების კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმები. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტად იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე - მოიმარაგონ წყალი, ხანგრძლივი ვადიანობის საკვები, დამუხტონ ტელეფონები და საკომუნიკაციო საშუალებები.

დღის ამბები