"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება. ჩხაიძის თქმით, შიმშილობა რომ გამოცხადებულიყო პაციენტის იტორიაში გაფორმებული იქნებოდა.
"რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ, გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობის სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში. ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში, არ იკვებება. ვერ იკვებება ადამიანი, თუ არ იკვებება, ეს არც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან და ამაზე საუბარი, რომ ძირითადი დაავადება არის გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება.
რაც შეეხება ნაზოგასტრალური ზონდით კვებას, არსად ხსენებული არ იყო, რომ იძულებით კვებაზეა აქ საუბარი, თუ იქ ადამიანს აქვს საკვების მიღების პროცესში გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ვერ იღებს ამის გამო ან არ იღებს ამის გამო საკვებს, ამ შემთხვევაში გამოიყენება ზონდი, მაგრამ რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით. არ დამდგარა ეს საკითხი. მისი ზოგადი მონაცემები და ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ იძლევა ამის აუცილებლობას, ამიტომ ნუ ამწვავებთ და ნუ უტრირებთ, ნუ ეძებთ სენსაციებს" - განაცხადა ჩხაიძემ.