23 აგვისტო 2026,   15:06
ვრცლად
კომპოზიტორთა პირველ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დაფუძნებულ "კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში", რომელიც პირველად წელს ჩატარდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების საღამო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართა.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი 65 000 ლარით დააფინანსა. კონკურსში გამარჯვებულთა ფულადი პრემია განისაზღვრა ნომინაციების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონკურსში გამარჯვებულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების საკონცერტო შესრულება სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში იქნება შესაძლებელი. კომპოზიტორთა დაინტერესების შემთხვევაში, მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ასევე მათი მუსიკალური ნაწარმოებების ნოტებს გამოსცემს (საავტორო უფლებების სრული დაცვით). პირობების მიხედვით კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა ყოფილიყო გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში - განაცხადს არ განიხილავდნენ ან ფაქტის გამოვლენისთანავე მოხსნიდნენ კონკურსიდან. "კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი" საქართველოს კულტურის სამინისტრომ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად 2022 წლის აპრილში დააფუძნა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. კონკურსი განკუთვნილია ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 17-დან 25 წლის ჩათვლით და 25 წელს ზემოთ პირებისთვის.

დღის ამბები