25 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
"გართულების რისკი ამ ეტაპისთვის რჩება ძალიან მაღალი" - საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რჩება

4 დღე საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან - ამ დრომდე კლინიკაში რჩება 3 დაჭრილი, ერთის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 24 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

"ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში იგეგმება ბინაზე გაწერა, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას, რჩება ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა დადებითი დინამიკით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს დადებითი დინამიკა, მისი მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, გართულების რისკი ამ ეტაპისთვის რჩება ძალიან მაღალი," - განაცხადა  "ჯეო ჰოსიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა. 

პარალელურად, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის საქმეზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, იკითხებიან მოწმეები. სამართალდამცველები ჰკითხავენ ყველა პირს, ვისაც რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. გამოკითხვები მიმდინარეობს როგორც საგარეჯოს ადგილობრივ პოლიციაში, ასევე კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში.

ამასთან, დღეს თბილისში, ვახტანგ გორგასლის ეკლესიაში პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ხვალ კი 37 წლის ოთარ ღვინაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

დღის ამბები