საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დღეს თელავში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და IFES-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძემ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო საკითხებზე მუშაობისას სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები გააცნო.
დღესვე გაიმართება კენჭისყრის იმიტირებული პროცესი ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით. შეხვედრის მონაწილეები პირადად მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და გაეცნობიან საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას.
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე მათი მოსაზრებების, რეკომენდაციების გაზიარების მიზნით ცესკოში სამუშაო შეხვედრების ახალი ციკლი 2022 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ახალ ფორმატში დღეს მეოთხე შეხვედრა გაიმართა.