26 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელი პრინციპებიც არსებობს პარტიაში - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. გიორგი ბოტკოველის თქმით, პარტიის წევრები უნდა დაემორჩილონ იმ პრინციპებს, რომელი პრინციპებიც არსებობს პარტიაში და მიიღო ახალმა თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პარტიამ გუშინდელ ყრილობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. 

"არჩევნები დამთავრდა, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელი პრინციპებიც არსებობს პარტიაში.

ჩვენ მანამდე მუდმივად ვისმენდით, მაგალითად, ჩემზე, ნიკა მელიას და სხვა ადამიანების მხრიდან რომ ბოტკოველი უნდა გაეგდოთ და მერე თელავში არჩევნები უნდა ჩაეტარებინათ და გადაეყენებინათ თელავის ორგანიზაციის  [წარმომადგენლები]. ეს იყო ძალიან ცუდი, რასაც საუბრობდნენ და ჩვენგან ასეთი საუბარი არ ყოფილა. 

რაც შეეხება გუშინდელ ყრილობის გადაწვეტილებას, მე იქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამ დავინახე, მნიშვნელოვანია,რომ ყველა რაიონული ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე გახდება პოლიტიკური საბჭოს წევრი," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით კი, "პოლიტსაბჭო იქნება უპრეცედენტო დემოკრატიული იქნება."

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარტიის წევრთა ნაწილმა პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა გააპროტესტა. მათი მტკიცებით, საკითხი ყრილობის დღის წესრიგში მალულად შეიტანეს, შედეგად კი პოლიტიკური საბჭოს სია შედგა და დამტკიცდა ამომრჩევლის და თავად პოლიტიკური საბჭოს წევრების დასტურის გარეშე.

პარტიის წევრთა ნაწილი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარეც. ""ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება"" - წერს ნიკა მელია. განვითარებული მოვლენების გამო პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ეკა ხერხეულიძემ.

ორად გაყოფილ პარტიაში უთანხმოების ახალ მიზეზზე, განმარტებას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი. ახალი თავმჯდომარე პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზად, პარტიის განვითარებას ასახელებს.

დღის ამბები