26 აპრილი 2024,   20:49
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - ფრონტის ხაზზე ომის 402-ე დღეც შეტევებით და თავდასხმის მოგერიებით სრულდება

30 წლის მიხეილ მაზანაშვილი - რუსული აგრესიის კიდევ ერთი ქართველი მსხვერპლი უკრაინაში.

ქართველი მებრძოლი, რომელიც ომში მყოფ ქვეყანაში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძოდა, ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. თუმცა მაზანაშვილი გამონაკლისი არ არის. თავისუფლებისთვის ბრძოლას დღესაც ათეულობით მსხვერპლი ჰყავს.

ფრონტის ხაზზე, ომის 402-ე დღეც შეტევებითა და თავდასხმის მოგერიებით სრულდება. ოკუპანტების სამიზნე, ბოლო 24 საათში, უკრაინის რვა რეგიონი გახდა.

დახმარების იმედით და მოლოდინით ომში მყოფი ქვეყანა კონტრ-შეტევისთვის ემზადება.

ომის დანაშაულები და დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა სტატისტიკა ათასებს ითვლის. გასული ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური ბუჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში მომხდარი სასტიკი ამბები, რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ ხდებოდა.

მემორიალურ ღონისძიებებსა და კონფერენციებზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის გვერდით სხვა ქვეყნების ლიდერებიც იყვნენ მთავარი სათქმელი იყო ერთი - აგრესორმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს. სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო - ომში მყოფი უკრაინა ბრძოლას სამივე მიმართულებით განაგრძობს თუმცა ყველა ჯერზე ხაზს უსვამს, რომ ჭირდება დახმარება და რაც შეიძლება მეტი.

ქვეყანა პარტნიორებისგან ყოველდღიურად იღებს ახალ შეიარაღებას და გაზაფხულის უკვე დაანონსებული კონტრშეტევისთვის ძალას იკრებს.

ორშაბათს აშშ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებს, რომლის მოცულობა 2.6 მლრდ დოლარია. ახალ შეიარაღებასთან და ჯავშანტექნიკასთან ადაპტაციისთვის ქვეყნის შიგნით თუ მის მიღმა ყოველდღიურად ტარდება სწავლებები. ცეცხლის შეწყვეტის ან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობები ამ ეტაპზე არ არსებობს.

დღის ამბები