15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასები, ასევე სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ და ეს გარანტია მათ  უპირველესად პრემიერ-მინისტრისგან აქვთ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვან ჩარევას საჭიროებს. მისივე თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, რადგან თანამშრომლებს აქვთ გარანტია, რომ სამუშაო ადგილები და ხელფასები შეუნარჩუნდებათ.

ეს განცხადებები ჯანდაცვის მინისტრმა "კურიერი პიესში" გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო თანამშრომლებს ხელფასები და სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ, აღნიშნული გარანტია მათ  უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრისგან მათ აქვთ და ეს შეთავაზება დღესაც მოქმედია.

"რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მიზანი სახელმწიფო სამედიცინო სექტორის განვითარებისთვის, რისი ძირითადი ფლაგმანიც დღეს სამწუხაროდ არ არის რესპუბლიკური საავადმყოფო და ჩვენ ამ ცვლილებებით და დიდი რეფორმით, გვინდა რომ ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა, სადაც სახელმწიფო იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი და ექნება სრულად, 100%-იანი მართვის პაკეტი.

წინასწარი და პირველადი შეფასებით რაც კი გვაქვს სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოებიდან არსებულის რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომ იყო ახალი კლინიკის აშენების საჭიროება. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ამას სხვადასხვა ექსპერტები სწავლობენ და კიდევ უფრო ვრწმუნდებით ამ ჩვენ გადაწყვეტილებაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ხმაური და ასეთი დამოკიდებულება ჩემი აზრით, ნაადრევია, მიტომ რომ დღეს ეს კლინიკა საჭიროებს სასწრაფო ჩარევას - ან რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაკეთებისა და ცვლილებების საფუძველზე ან მთლიანად დემონტაჟისა და ახლის აშენების საფუძველზე. აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმ კომპეტენტური ექსპერტებისა და სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ დღეს აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს, ვინმე უსამსახუროდ რჩებოდეს. ეს გარანტია ძალიან მკაფიოდ დაუფიქსირა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ მათ ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები, ჩვენ შევთავაზებთ სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებას და იმ შემთხვევაში, თუ ვერ დასაქმდებიან დღევანდელი ხელფასის პირობებში გააგრძელებენ ახალი კლინიკის დასრულებამდე ხელფასების მიღებას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები