სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის აპარატის მიერ რამდენიმე ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმაურება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ "საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი" პრობლემურია.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს შალვა პაპუაშვილს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენელთა საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას.
"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს.
როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს," – ნათქვამია განცხადებაში.