15 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება, რომელსაც ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც დაესწრება

სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილი პირები, მათ შორის, ბავშვები იქნება.

სესიას დაესწრება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

"ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა, როგორც მთელ დელეგაციას, ასევე ინდივიდუალურ წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს თაობაზე ანგარიშის მომზადებაზე არიან პასუხისმგებელი. მათთვის მოხდება ინფორმაციის გაცვლა იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც 12 რეკომენდაციის ფორმატში ხორციელდება და ფაქტობრივად დასკვნით ფაზაშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებატები გაიმართება. ევროპის საბჭო ემზადება რეიკიავიკის სამიტისთვის, რომელიც მაისში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ სხდომისთვის გაიმართება სპეციალური დებატები, რომელიც განსაკუთრებით შეეხება იმ საკითხს, რაც რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის გავლენას ეხება ევროპის კონტინენტზე," - განაცხადა დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

 

დღის ამბები