15 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა -პრემიერი

EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

“პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მოგეხსენებათ, მთავარი თემა, რა თქმა უნდა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და ასევე, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი და მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები