რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში ახალ ინიციატივას არეგისტრირებენ. პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრები რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დაარღვევენ, ისინი დასანქცირდებიან.
ინიციატორების თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი მთავრობის წევრს კითხვით მიმართავს, ადრესატი კი მათ არ პასუხობს. მათივე განმარტებით, ცვლილებები ამ რისკების პრევენციას მოახდენს.
“რეგლამენტში ცვლილებები ითვალისწინებს სერიოზულ სანქციებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავრცელდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, როდესაც ისინი კონკრეტულად არ ითვალისწინებენ საქართველოს კონსტიტუციას და თქვენ იცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც კითხვებს სვამს, რომელსაც აინტერესებს დახარჯული ბიუჯეტი. მრავლად არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი ინფორმაციები ჩვენამდე არ მოდის, იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოს ხელისუფლება არაფრად არ თვლის საქართველოს პარლამენტის მუშაობას,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივას პასუხობს. მისი თქმით, არ ახსენდება რომელიმე მთავრობა და მისი წევრები, რომლებიც ისე ხშირად დადიოდნენ პარლამენტში, როგორც დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"მე არ მგონია, რამე პრეცედენტია არსებობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერი თანამდებობის პირი ასე ხშირად, ასე ინტენსიურად დადიოდეს პარლამენტში, მით უმეტეს, იმ შეკითხვებზე საპასუხოდ, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონიუნქტურული პოლიტიკური გარემოებებით არის განპირობებული. მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალშექმნილი ეს პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს უფრო მეტი კათოლიკე გამოჩნდეს, ვიდრე რომის პაპი და ეჯიბრება სხვა ოპოზიციონერებს რომელი უფრო დესტრუქციული იქნება ამ შემთხვევაში, იმის მაგივრად რომ გაემიჯნონ რაღაც ძალიან დიდ ტრაგიკულ ეპიზოდებს იმ ისტორიიდან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მმართველობას ახასიათებს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.