პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა წარმოაჩინა ქართველი ერის მისწრაფება ევროპისკენ და იდენტობა, რომელიც ევროპული ღირებულებების შესაბამისია.
რაც შეეხება შეწყალებების საკითხს, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლიტიკური საკითხია.
"ნებისმიერ თემას, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებას, რასაკვირველია, ეს ის საკითხებია, რომლის წარმატება უზრუნველყო ხელისუფლებამ და რაც შეეხება, ოკუპაციას და აგრესიას ზუსტი შეფასებები მისცა, და დღეს მისი პოლიტიკა არის ის, რაც გვჭირდება იმისათვის, რათა მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ამ საკითხებთან მიმართებაში საქართველოს თანადგომა სჭირდება, ევროპული ქოლგა სჭირდება და ამ საკითხებთან დაკავშირებით ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება შეწყალების თემას, მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის, მისი კოლეგები, ოჯახის წევრები რომლებიც განიცდიან მის ციხეში ყოფნას, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შეწყალების თემის დღის წესრიგში დატოვება, არის პოლიტიკური ამოცანა. ეს ის დრო არ არის, როდესაც თავად გვარამია იყო პროკურორი და განაწესებდნენ ციხეში ადამიანებს, ვისაც გინდა აწამებდნენ, ვისაც გინდა სიცოცხლეს წაართმევდნენ. წავიდა მუქარების და ანგარიშსწორების პერიოდი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.