"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე.
ვოლსკის თქმითვე, ზელენსკი ასეთი შინაარსის განცხადებას პირველად არ აკეთებს.
"მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერულ რეისებს მოხალისეები, სამხედრო ამუნიცია არ გაატანა და ომში არ ჩაერთო. უფრო მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს - ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო - უნამუსოდ უსამართლო!" - განაცხადა ვოლსკიმ.