საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს და არ მისცემს გარკვეული სპეკულირების საფუძველს საქართველოს არაკეთილმოსურნე ადამიანებს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას მშვიდობა და ომის მალე დასრულება უსურვა:
"ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო. მინდა გავიმეორო, რომ მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში, ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე და ბავშვები, ქალები და მოხუცები ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა ომში მყოფ ქვეყანას მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება ვუსურვო.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგანაც ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. დავამატებდი იმას, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან - ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე რომ გაიმარჯვის ჩვენმა ქვეყანამ და მიიღოს სტატუსი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: "ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე".