"ხედავთ, რაც ბელარუსში ხდება. ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ როგორ მიათრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვა გზით განუკითხაობაში," - უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება ევროპელი ლიდერების წინაშე მოლდოვაში გააკეთა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-2 სამიტზე. ზელენსკი 47 სახელმწიფოს ლიდერს მიმართავდა, თუმცა მისი სიტყვის ადრესატი ის ევროპელები იყვნენ, ვინც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროსტრუქტურების კარი უნდა გაუღოს.
ზელენსკის სიტყვა არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. თბილისისთვის ფორმულირებები გაუგებარია. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის განცხადებებზე შეფასებები ქართულ მხარეს არ სურს, საკითხზე საკუთარი პოზიცია მოლდოვაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, მოლდოვას სოფელ ბულბოაკას დღეს მთელი ევროპა ესტუმრებოდა. მიმის ციხეში კონტინენტის ყველა ლიდერი იმყოფებოდა, ყველა ორის გარდა - პუტინისა და ლუკაშენკოსი. ჩასვლა ვერ მოახერხა მიპატიჟებულმა ერდოღანმა, მაგრამ სტუმრები მოლდოვას საკმარისად ჰყავდა.
მასპინძელმა დღე მთავარი სტუმრის მიღებით დაიწყო, ვისთან ერთადაც დილიდანვე ქართულ მედიასთანაც გამოჩნდა.
ენერგეტიკა და დაკავშირებადობა იყო განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-2 სამიტზე. საქართველოს რომ ამ კონტექსტში დიდი როლი აქვს, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურმა, შავი ზღვის კაბელის პროექტმაც აჩვენა. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი?
ახალ არქიტექტურაში რუსული აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოები ევროკავშირს ყველაზე ახლოს რომ უნდა ჰყავდეს, დღეს არაერთხელ გაჟღერდა. ერთ ოჯახად შეკრული ევროპა მაია სანდუსთვის გამარჯვების გარანტიაა.
ევროპის 47 სახელმწიფოს ლიდერებმა მსოფლიო გამოწვევებსა და საკუთარ მომავალზე მსჯელობა დღეისათვის დაასრულეს. თუმცა საკითხი არ დახურულა, ევროპის ახალ არქიტექტურაზე დისკუსიები გრძელდება.