საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე მეტად, 9.7 პროცენტით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა. 9.3 პროცენტით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 7.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 6.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 4.6 პროცენტით გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო. ფასების 2.2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. 1.8 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტები.
საქსტატის ცნობით, ფასები 17 პროცენტით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ხილი და ყურძენი 12.0 პროცენტით გაიაფდა.