საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რეგიონში უსაფრთხოება, უკრაინის მხარდაჭერა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმის მონაწილეებმა ეს გზავნილები პრემიერ-მინისტრისგან მოისმინეს. ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ პარტნიორებს აცნობს, თუ რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად. პრემიერის გზავნილებს თბილისშიც აფასებენ და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტენსიურ მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
დეპოლარიზაციის საკითხი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის გზავნილების კრიტიკის მიზეზი. პარტიების სხვა ნაწილში თვლიან, რომ რეგიონში არსებულ ვითარებას და ამ პროცესში საქართველოს როლს უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. თუმცა ოპოზიციურ სპექტრში იმასაც აკონკრეტებენ, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, ევროპელი ლიდერების დადებით შეფასებას იმსახურებს.
მმართველი გუნდი ოპოზიციას უკრაინისთვის გამოცხადებულ ყველა მხარდაჭერას ახსენებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს.
რეგიონში და საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ის არაერთ ევროპელ ლიდერსა და პარტნიორს ესაუბრა და მხარდაჭერის პირობა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "უსამართლობა და სტრატეგიული შეცდომა" იქნება, თუ ევროპელი კოლეგები სტატუსის მინიჭებაზე უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმი დასრულებულია. მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა 47 ქვეყნის და ევროპული ორგანიზაციების პირველმა პირებმა, უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, ევროპის ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სახელწოდება "უსაფრთხოება" იყო. მრგვალი მაგიდის მოდერატორები ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები იყვნენ. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
აქტუალური იყო საქართველოს საკითხი, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. თქვა რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმი დასრულებულია სამიტი ევროკავშირის არა წევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა.