მოსახლეობას აინტერესებს, რომ მოვალთ დავჩაგრავთ თუ არა, რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში "პოლიტიკური ამბები" განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ დაუახლოვდეს რუსულ პოლიტიკას:
"ზოგადად ყველაფერში და განსაკუთრებით პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონტექსტი, არცერთი მოცემულობა არ არსებობს კონტექსტის გარეშე რა კონტექსტში ვართ?! - მთელი მსოფლიოს განვითარებული ნაწილი უპრეცედენტოდ უჭერს მხარს საქართველოს, რომ ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ, ყველა სახელმწიფო დისტანცირდება რუსეთისგან და ამ დროს, ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობა თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ დაუახლოვდეს რუსულ პოლიტიკას და გახდეს მისი ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხის გვერდის ავლით აკეთებს და მეტიც, საკუთარი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ნებასაც არ გამოხატავს.
მჯერა, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც ამ გზის გასავლელად არ აურჩევიათ ეს პარტია, რომ ინტენსიური მუშაობით მთელი სახელმწიფო რუსეთისკენ წაეყვანათ.
დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საერთოდ არ საჭიროებს პარტიულ თანამდებობას. ვცდილობდი, ასი დღე არ ვყოფილიყავი აქტიური, რომ გასულიყო გარკვეული პერიოდი და ხელი არ შემეშალა ახალი მენეჯმენტისთვის, მაგრამ მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით აქტიური ვიქნები.
თერთმეტი წლის წინ, ამ პარტიას იმ დროს შემოვუერთდი, როცა ბევრი ადამიანი აქტიურობას წყვეტდა თვიდან თვემდე, ჩემს მეორე ოჯახად იქცა ეს პარტია, არჩევნების შემდეგ კი სიმართლითა და ღირსებით მართვა ვუსურვე ახალ მენეჯმენტს, მაგრამ ხუთ დღეში არაფორმალურმა მმართველმა ხიდები ჩაანგრევინა.
სამწუხაროდ, პარტია არ არის იმ ყველაფრის ღირსი, რაც დღეს ხდება.
ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც არის გამარჯვებისა და წარმატების მოტანის შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის.
მჯერა, რომ სანამ პოლიტიკაში ფარისევლობისა და მლიქვნელობის ხარისხი ბოლომდე არ აღმოიფხვრება ან მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უკეთეს შემთხვევაში ვიდგებით იქ, სადაც ვართ…
პოლიტიკური პარტიის შექმნის ამბიცია ბევრ პოლიტიკოსს გასჩენია საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მე პარტიას ვუყურებ როგორც ინსტრუმენტს, რომ ხედვა რომელიც გაქვს, განახორციელო და ემსახურო პრინციპებს - ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობდა და შედეგად რას ვხედავდით?! - ორი ან სამი ლიდერი გაერთიანდებოდა და შემდეგ, ხალხი შემოეშლებოდათ, რადგან არც პრინციპების და იდეის გამო არ მომხდარა პარტიის შექმნა. ვიყავი და ვრჩები მებრძოლად - ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა იმიტომ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლოს. მაქვ ს არეალი და ვმოქმედებ ისე, როგორც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მომავალი გვაჩვენებს რა იქნება საჭირო.
წინასაარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული, რომ მელიას არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა - დიახაც, ბევრისგან განსხვავებით, ჩამოდიო რომ ეძახდნენ, მე საფრთხეებს ვხედავდი.
ამორალურობაა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავ - პოლიტპატიმრებს აჯიბრებენ. ნიკა გვარამიას თავისუფლება საერთო ბრძოლას რომ ენერგიას შემატებს, ბევრი ადამიანია დარწმუნებული, მათ შორის თავად მიხეილ სააკაშვილი. ნიკა გვარამია ციხეში ხისტი, მაგრამ მართალი სიტყვის გამო ზის, რომელიც ძალიან სტკიოდა ბიძინა ივანიშვილს და რასაც დღეს ვხედავ, არ არის მისაღები და აქაც ჩანს, რომ ენმ-ის მიმართ მიუღებლობა იზრდება და არა მიმღებლობა.
არ არის ნიშნის მოგებისა და მხილების დრო, მაგრამ არც დუმილის დროა - ეს ქვეყანა მარცხს ვეღარ გადაიტანს. ვიღაცები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის საპირწონედ დაიყენონ თავი და კი არ შეცვალონ, არამედ ჩაანაცვლონ იგი. ახლა გამოვლენ ვიღაცები და იტყვიან, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის აქეთ ყოფნა არ სჯობს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისკენ რომ იყვნენო?! - მაპატიეთ, მაგრამ 2017 წელს, როდესაც პარტია გაიყო, ეს ადამიანები იქით იყვნენ და ამის დამსახურებით ავდექით ფეხზე. ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება "ქართულ ოცნებას", ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი.
ჩვენ არაერთი კარგი და კვალიფიციური პროგრამა გვქონია, მაგრამ ჩვენი გზავნილები საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან არ მიდიოდა, 20% არც კითხულობდა. მოსახლეობას აინტერესებს, რომ მოვალთ დავჩაგრავთ თუ არა, რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა და ემოცია… გიყურებენ და ფარდის უკან იმ ადამიანებს ხედავენ, ვის გამოც 2012 წელს “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა…," - განაცხადა ნიკა მელიამ.