"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული უთანხმოების შესახებ განცხადებებს აკეთებენ დაპირისპირებული მხარეები. ნიკა მელიას პოზიციას იზიარებენ მისი მხარდამჭერები და ამბობენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა დღეს პრობლემაა.
"დღევანდელი კონფიგურაცია, რომელიც სამწუხაროდ არის მენეჯმენტში და ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, ესენია მერაბიშვილი-კეზერაშვილი- ადეიშვილი, რა თქმა უნდა ასოცირდებიან სულ სხვა შეგრძნებებთან მოსახლეობაში.
ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის რაღაც აკლია იმისათვის, რომ გარდამტეხი როლი ითამაშოს პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ ამ სიმძიმეებისაგან გათავისუფლებას, ჩვენ დავდებთ რეზულტატს იმიტომ, რომ ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, შეიცვალოს,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.
რაც შეეხება მერაბიშვილი-კეზერაშვილის მხარეს, პარტიის წევრების ეს ნაწილი დამატებითი განმარტებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, მელიას განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები.