ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც "გამარჯვების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას აქვს", შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის მიუღებელია, რაიმე ფორმით მოხდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ სისტემურ თანამშრომლობას არ აპირებენ.
"ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მიხმარების "ქართული ოცნებისთვის" და დავინახეთ მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშვნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას", როცა მისგან ქმნის მტრის ხატს და წლებია იმარჯვებს არჩევნებზე. ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. არანაირ სისტემურ თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან, როცა ეს საკითხი ჩვენთვისაც მისაღებია.“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ფიქრობს, რომ აუცილებელია პროდასავლური ძალების კოალიცია, რადგან მის გარეშე გამარჯვება გამორიცხულია.
"ამ მოცემულობაში, "სტრატეგია აღმაშენებელი" ფიქრობს, რომ აუცილებელია კოალიცია პროდასავლური ძალების, რადგან ამ კოალიციის გარეშე გამარჯვება არის გამორიცხული. თუ ვინმე იტყვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე მიაღწევს წარმატებას ოპოზიციაში, ეს იქნება შეცდომა, რაღაცა ფორმით თანამშრომლობა ყველას მოგვიწევს.
მე ყოველდღე პარლამენტში მაქვს ურთიერთობა ლევან ხაბეიშვილთან და არ მინახავს არასოდეს, რაიმე საკითხის გადაწყვეტისას დაერეკა მერაბიშვილისთვის, ან კეზერაშვილისთვის,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.