ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი "თვითგათეთრებისთვის" მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, სანაცვლოდ მიიღებს ისევ ვერაფერს. მისმა ჯიბის ურეიტინგო "ფორმულამ" აშშ-ში $420 ათასად დაიქირავა ლობისტური კომპანია Cornerstone - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ლობისტური კომპანია "ფორმულას" გარშემო შექმნილ ვითარებაზე ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის.
აბაშიძის განცხადებით, ლობისტური კომპანიისთვის გადასახდელი 420 ათასი დოლარის წარმომავლობა უცხოელი აგენტების ამერიკულ რეესტრში ვერ დაფიქსირდება. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილს, თანხები ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ძარცვით და იარაღის უკანონო ვაჭრობით აქვს მიღებული.
"ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი "თვითგათეთრებისთვის" მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, სანაცვლოდ მიიღებს ისევ ვერაფერს. მისმა ჯიბის ურეიტინგო „ფორმულამ“ აშშ-ში $420 ათასად დაიქირავა ლობისტური კომპანია Cornerstone. უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრი FARA ვერ დააფიქსირებს ავაზაკი კეზერაშვილის თანხის წარმომავლობას - ევროპელი პენსიონერებისგან წაღლეტილია, ქართული ჯარიდან მოპარულია თუ იარაღის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული დივიდენდებია. კრიმინალ კეზერაშვილს "თეთრი" ბიზნესი არც არასდროს ჰქონია. მისი ეს მორიგი დანახარჯი ისეთივე "ეფექტური" იქნება, როგორც ხაბეიშვილის ანდა "ფორმულას" მარგი ქმედების კოეფიციენტი.“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.