საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, იქცეს ავიამიმოსვლის ჰაბად და საჭიროა აეროპორტის განახლება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებული აეროპორტი არ იძლევა ამის საშუალებას, მთავრობა ახლის აშენებას განიხილავს. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობისთვის ვაზიანის ყოფილი აეროდრომი იდეალური ადგილია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებულ აეროპორტს აქვს მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას.
"ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ, რეალურად, რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და საერთოდ, მინდა მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, რომ გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ 5, ან 10 წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი.
ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ. ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა 20-30-50 წლიანი და თუნდაც 100 წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთ ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენი სურვილი არის ახლა, რომ ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარი არის თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს, როგორც მე აღვნიშნე დასაწყისში, ჰაბი, რაც არაერთხელ გვითქვამს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ- ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა კარგო ტერმინალების მშენებლობაზე და აშ.. მე აღარ გავაგრძელებ, ამის თაობაზე დეტალურად გვექნება ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ამბიციური, მაგრამ საჭირო პროექტი ქვეყნისთვის, თორემ რა თქმა უნდა, ის არსებული აეროპორტი, რაც გვაქვს, დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა დავიგეგმოთ სწორედ, გრძელვადიან პროექტზე გვქონდეს საუბარი, გათვლა, ამიტომ საჭიროა უფრო ახალი, ამბიციური პროექტის განხორციელება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის თითქმის 25%-იანი მატება გვაქვს, ყოველ წელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ, როგორც მოგახსენეთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ როგორც მსოფლიოში წამყვან საავიაციო- საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.