ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც დაახლოებით, ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი აეროპორტი აშენდება თუ უკვე არსებული აეროპორტი გაფართოვდება.
"დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს უკვე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ იქნება მაქსიმალურად თანხვედრაში იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია ზოგადად ავიაციის და მათ შორის, აეროპორტების განვითარებასთან მიმართებით.
ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ ტექნიკური პირობები, მიმდინარე წელს განისაზღვრება. ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელს შევძლებთ არქიტექტურული კომპანიის შერჩევას. ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ უკვე ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება," - განაცხადა მინისტრმა.