5 მილიონ რუბლზე მეტი რუსეთიდან - ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის ჩარიცხული რუსული თანხა კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის არადამაჯერებელია ის არგუმენტი, რაც ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით აქვს.
როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, რუსული თანხები რომ აეღო მთავრობის წარმომადგენლებს, ან რომელიმე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატს, ოპოზიციური მედია მათ გაანადგურებდა.
"ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერს, ან "ქართული ოცნების" პოლიტიკოსს იგივე რომ გაეკეთებინა, მგონი გაანადგურებდა მთელი ოპოზიციური მედია, მაგრამ რატომღაც ხოშტარია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ასეთი რაღაცები შერჩა.
უცნაურად გამოყურება, როცა ადამიანები ებრძვიან რუსეთს და რუსეთის მთავრობისგან იღებენ ფულს. თუ რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მტერი ხართ, ისე გადაკეტავენ ამ დაფინანსებას, რომ ვერც გაასაჩივრებ. მე რომ რუსეთის მთავრობა ფულს მიხდიდეს, ხომ უბრალოდ ცოცხალი ვერ დავრჩებოდი აქ,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.