ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას და ამ ფორმით თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის არის "ლელო". პარტიის პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, თუმცა აქ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება.
"ლელოს" დეპუტატი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს. უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკის შექმნა მოქმედი კონსტიტუციით შეუძლებელია.
"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს მკვეთრად და მკაფიოდ პროდასავლური სახელისუფლებოო კოალიცია, რომელშიც "ქართული ოცნების" ადგილს ვერ ვხედავთ, ამისთვის საჭიროა სწორი ტაქტიკით გასვლა არჩევნებზე. არასწორი ტაქტიკა იქნებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დავდგეთ სხვა ყველა პოლიტიკური ძალა, წავიდეთ ისევ პოლარიზებულ გარემოში და დავამარცხოთ "ქართული ოცნება". ტაქტიკურად სწორი ამოცანაა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღოს რასაც მიიღებს, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით და ამას არ გადაჰყვეს საქართველოს მომავალი, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიულობა და არა ორი პარტიის მონაცვლეობა,"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება "გირჩს", იაგო ხვიჩიას განცხადებით, არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ოღონდ ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა "ბატონობა."
"ნელ-ნელა მივდივართ იმ აზრამდე, რომ "გირჩი" იყოს დამოუკიდებლად, ცალკე და ასე მიიღოს მონაწილეობა, რასაკვირველია, თუ მანამდე ჩვენი კოლეგები არ შეიცვლიან აზრს და სერიოზულად არ მიუდგებიან საქმეს.
როცა ბატონობის ე.წ. თრიფიდან გამოვლენ ჩვენი კოლეგები, მერე დავსხდებით სათანამშრომლოდ, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, როცა იძახიან, რომ ჩვენ გადაგალახვინებთ ბარიერს, ჩვენ მოგხედავთ, ჩვენ ვიქნებით უფროსები, ყველასთან გამოვრიცხავთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.