15 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
"ლელოს" ურჩევნია ცალკე იდგეს, ვიდრე კიდევ უფრო დაამსხვრიოს თავისი ისედაც მწირი რესურსები "ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობით" - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკის შეფასებით, ბუნებრივია, რომ "ლელოს" ურჩევნია ენმ-სთან და ლევან ხაბეიშვილთან არ ასოცირდებოდეს, თუმცა, მისი თქმით, მათ არ აქვთ ამისთვის რესურსი.

"მე ვერ ვიტყვი, რომ "ლელოს" აქვს ის რესურსი შექმნას გარკვეული ფლანგი ისეთი, რომელიც გააწონასწორებს "ნაციონალურ მოძრაობას". ჯერჯერობით, ერთი-ერთში მათი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და გინდ საგარეო და გინდ საშინაო კურსთან დაკავშირებით არ ჩანს სხვაობა. მაგრამ, როგორც ჩანს, "ლელოს" შემადგენლობაში მაინც გარკვეული სერიოზული შეშფოთება არსებობს ლევან ხაბეიშვილის ფიგურასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, "ლელოს" რასაკვირველია, ურჩევნია ცალკე იდგეს, ვიდრე კიდევ უფრო დაამსხვრიოს თავისი ისედაც მწირი რესურსები "ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობით," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმება. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა"არ იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რათა ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს.

 

დღის ამბები