15 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს, ჩოუ ჩანგ ვონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მხარეებმა ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებზე ისაუბრეს და სამომავლოდ, ნაკრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები მიმოიხილეს.

ყურადღება დაეთმო ქართველი მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტაეკვონდოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო ფედერაციის დახმარების მნიშვნელობას.

 საუბარი შეეხო ტაეკვონდოს პოპულარიზაციის ხელშეწყობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიო ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა ინიციატივა, საქართველოში, სპორტის აღნიშნულ სახეობაში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები დაიგეგმოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: მსოფლიო ტაეკვონდოს ფინანსური დირექტორი ჯერი ლინგი, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ლევან ფიოლია ესწრებოდნენ.

დღის ამბები