კონსერვატიული მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებით დაღლილ საზოგადოებას ჰყავდეს ორგანიზებული ძალა, რომელიც გამოხატავს მათ ინტერესებს.
როგორც შაქარიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმისა რომ ამ ურთულეს პირობებში ქვეყანას დასდგომოდა გვერდით, დაკავებულია პროვოკაციებით.
"არის ურთულესი სიტუაცია - მსოფლიო არის ძალიან დიდ გამოწვევების წინაშე, შუაგულ ევროპაში მიმდინარეობს ძალიან დიდი მასშტაბის ომი და ვერცერთ ნიშანს ვერ ვხედავთ იმისა, რომ ამ ომის დასრულებისთვის იდგმებოდეს ნაბიჯები. პირიქით, ყველაფერი კეთდება გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომ ეს ომი გახანგრძლივდეს და ამ ომის მასშტაბები გაიზარდოს. მათ შორის, ამ ომის მასშტაბების გაზრდაში გასული წლის 24 თებერვლიდან მოიაზრება საქართველო. ის დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ამ ურთულეს პირობებში ქვეყანას დასდგომოდა გვერდში, დაკავებულია პროვოკაციებით, დესტრუქციით და გამუდმებული რყევის და არეულობის შემოტანის მცდელობით და ამას აქვს მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. 12 ივნისს ჩვენი მოძრაობის შექმნაზე ველოდებით ამ ყველაფრით დაღლილ საზოგადოებას, რომელსაც არ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოებაში ორგანიზებული ძალა, რომელიც გამოხატავს მათ ინტერესებს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.